განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული გლობალური კონვენცია განიხილა

18/03/2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია განიხილეს. მომხსენებლის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, 2019 წელს იუნესკოს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაზე, „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია“ მიიღეს, რომელიც გლობალური მასშტაბით, უმაღლესი განათლების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი ხელშეკრულება გახდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, გლობალური კონვენცია გაადვილებს დიპლომებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარებას.

„კონვენციას მიერთებულია 26 ქვეყანა, მათ შორის ისეთი განვითარებული ქვეყნები როგორიცაა – შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. კონვენციის ძირითადი არსია, უმაღლესი განათლების სფეროში გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა“, – განაცხად ნოდარ პაპუკაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს. სხდომაზე ასევე განიხილეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიში. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი განხილვა დახურულ ფორმატში წარიმართა. მინისტრის აპარატის ანგარიში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა წარადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0