განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

10/04/2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილების თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის განსაზღვრული საფასური თანაბრად გაიყოფა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის. კომიტეტმა მეორე მოსმენით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების საკითხს ეხება. სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა არ გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უკრაინისა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ/სწავლობდნენ და ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უკრაინისა და ისრაელის სახელმწიფოებში განვითარებული საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2025 წლის 1 იანვრამდე.

„ამ პერიოდში უკრაინისა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პერიოდში მიღებული კრედიტები, მათ შორის დისტანციური ფორმით, ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულად“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილებების თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის გავლა უწევთ/უწევდათ 2024 წლის პირველი იანვრიდან – 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უფლება მიეცემათ საავტორიზაციო განაცხადით მიმართონ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკით. ამასთან, ამ პერიოდში ისინი ჩაითვლებიან ავტორიზებულად. ცვლილებებით ზუსტდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ატესტატის წარდგენის ვადები. ასევე, ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებზე ერთობლივი დიპლომის ან/და დიპლომების გაცემისთვის შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი.
კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მეორე მოსმენით მხრი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0