განთავსების ობიექტების ხელშეწყობის მიზნით უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ – 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს სესხის 80%-ს დავუსუბსიდირებთ

07/05/2020

ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის სექტორში ოფიციალურად დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. მისი თქმით, მთავრობის ანტრიკრიზისული გეგმა მთლიანად გამსჭვალული იყო ადამიანებზე ზრუნვით, რაც, მათ შორის ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვისაც გამოიხატა იმაში, რომ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებმაც, მიუხედავად მთავრობის ყველა მცდელობისა და დახმარებისა, დაკარგეს სამუშაო ადგილი, მიეცათ 1200 ლარიანი პაკეტი 6 თვის განმავლობაში, თვეში ორასი ლარის ოდენობით.

„ეს არის ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთული პერიოდის გადატანაში. ასევე მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად სამასი ლარის დახმარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ამ სექტორში ოფიციალურად დასაქმებულებთან ერთად თვითდასაქმებული ადამიანების დიდი წილია“ – აღნიშნა ნათია თურნავამ
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მთლიანად გამიზნული და აგებულია ტურიზმის ინდუსტრიის საჭიროებებზე, მონახულია კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სექტორში მოქმედი კომპანიების ქვედარგებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანიებს გამოუთავისუფლებს საბრუნავ საშუალებებს, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე დაფარონ სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის. ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, გეგმის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 1-ელ ნოემბრამდე იყო გადავადებული, წლის ბოლომდე გადავადდება.

„რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებს – უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად 95%-ზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი, მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება ექვსი თვე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა სექტორს დაეხმარება და დაუსუბსიდირებს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩ ტურისტულ ობიექტებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე.

„როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით სექტორს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0