„გარდაბანი-500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია

27/03/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. „გარდაბანი-500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვესადგურში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებამ ქვესადგურის გამტარუნარიანობის ზრდას ხელი შეუწყო.

„პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის მიმართულებით,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა, აზერბაიჯანთან სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0