გარდაბნის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

06/04/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი გარდაბნის გზატკეცილის გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ. სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის (მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი, 125 მეტრიანი სანიაღვრე ქსელი, მოხდება 4 კმ-იანი გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი. ასევე გზის მიმდებარედ მოეწყობა მეტრიანი გვერდულები. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარდაბნის გზატკეცილს სამგორის რაიონთან აკავშირებს.

„უგზოობის გამო, გარდაბნის გზატკეცილზე მანქანები პრაქტიკულად არ დადიოდნენ, რაც მიმდებარე უბნების დატვირთვას იწვევდა. ახლა იგება გზის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემა. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზაზე მანქანების მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც მიმდებარე ქუჩების განტვირთვას გამოიწვევს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 561 278 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0