გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. ​საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი წელიწადში ორჯერ, – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც მან საგაზაფხულო სესიის სხდომაზე აღნიშნა, კომიტეტის გასული წლის გეგმა სწორედ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრიორიტეტების მიხედვით იქნა შედგენილი და განისაზღვრა ექვსი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის ფარგლებში მუშაობდა კომიტეტი როგორც საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელების კუთხით, ისე საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით.

„ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც აქცენტი გაკეთდა ეს იყო „მწვანე ზრდა“ და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, კლიმატმედეგი ურბანული და სოფლად განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, წიაღისეულის მდგრადი მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, ბუნებრივია, საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების პროცესის მიღების ადრეულ ეტაპზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ 6-პუნქტიანი გეგმის განხორციელების ფარგლებში კომიტეტი იყო ძალიან აქტიური. მაია ბითაძემ ამ კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და თემატურ მოკვლევებზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

Visited 38 times, 1 visit(s) today