გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს იწყებს

06/03/2019

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, ახალი საზედამხედველო ფუნქციის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლს ითვალისწინებს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

„პარლამენტის ახალი რეგლამენტით კომიტეტებს ორი ახალი ფუნქცია შევძინეთ: ერთი – თემატური მოკვლევის, რომელიც პრაქტიკაში პირველმა სწორედ ჩვენმა კომიტეტმა დანერგა და წარმატებითაც, და დღეს თემატური მოკვლევის პროცესს სხვა კომიტეტებიც უერთდებიან, მეორე – უკვე მიღებული კანონების აღსრულებაზე ზედამხედველობა. ორივე ბრიტანული მოდელია და იქ საკმაოდ კარგად არის აპრობირებული. ზედამხედველობის პროცესში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მიღწეულია თუ არა დასახული პოლიტიკის მიზნები, შესაძლებელია თუ არა კანონის კიდევ უფრო დახვეწა, ან რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკიდან“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ შეხვედრაზე, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის, ქალაქების მუნიციპალიტეტების მერიის, სხვადასხვა კომპანიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავისი აქტუალობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მიზნით, შეირჩა „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“-ის მუხლები, რომლებშიც 2017-2018 წლებში განხორციელებული ცვლილებები ეხება ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა ტიპის გადასახადისაგან გათავისუფლებას. მან შეკრებილთ შეახსენა, რომ აღნიშნული კანონის მიღების მიზანს ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოსახლეობის მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობა და დასახლებულ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირება წარმოადგენდა.
მისი თქმით, კომიტეტის არჩევანში მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მთავრობის გაცხადებული ნებაცაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთ კომპონენტს – ელექტროძრავაზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მომრავლებას ქვეყანაში. ამისათვის კი ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება, არის თუ არა პრობლემები ამ კუთხით, რა ხელისშემშლელი ფაქტორებია ელექტროძრავიანი ტრანსპორტის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
კახა კუჭავას თქმით, სავარაუდოდ მხოლოდ გადასახადებისაგან გათავისუფლება არაა საკმარი იმისათვის, რომ ელექტროძრავიანმა ტრანსპორტმა მეტი პოპულარობა მოიპოვოს მომხმარებელში და ეს საკითხზე წინასწარმა მოკვლევებმაც დაადასტურა, შესაბამისად, საერთო სურათის შექმნისთვის მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის გაცნობა.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც ყურადღება კანონის აღსრულების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე გამახვილდა.
ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯი ზეპირი მოსმენა იქნება, რის შედეგადაც კომიტეტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკა უნდა განახორციელოს ქვეყანამ ელექტროძრავიან ავტომობილებზე გადასვლა უფრო მასობრივად და შემჭიდროვებულ ვადებში რომ მოხდეს. მოსმენის შედეგად გაირკვევა, კიდევ დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა საჭირო თუ სხვა სახის რეკომენდაციების გაცემა.
პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0