გარემო ბარიერების გარეშე – შენობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტირებულობა საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება

23/01/2018

სტატია შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ. დოკუმენტი არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ბარიერების გარეშე, ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა თანამედროვე საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის შემუშავებითა და მისი რატიფიკაციით წევრ ქვეყნებში, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის უნივერსალურ მნიშვნელობას.
ბარიერების გარეშე და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი გარემო ადამიანის უფლებაა. ადაპტირებული გარემო გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკური მობილურობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის გარემოს ადაპტაციას, არამედ ის მხედველობითი, სმენითი, ქრონიკული დაავადებით ან ასაკით გამოწვეული შეზღუდული მობილობისა და ბავშვებისათვის საცხოვრებელი გარემოს თავისუფალ ხელმისაწვდომობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ბარიერების გარეშე გარემო მნიშვნელოვანია სხვადასხვა შემთხვევაში თავისუფალი გადაადგილებისათვის. ეს შეიძლება იყოს ორსულად მყოფი ქალი, პირი, რომელიც ბავშვს საბავშვო ეტლით გადაადგილებაში ეხმარება, ისევე როგორც სტიქიური ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში – ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც ამა თუ იმ ტიპის გადაადგილების ბარიერი შეექმნება. შენობებისა და გარემოს არასათანადო ადაპტირება წარმოშობს საჯარო სივრცით სარგებლობის შეზღუდვას.
საკანონმდებლო დონეზე, საქართველოში ბარიერების გარეშე ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფა სხვადასხვა კანონებისა და პრინციპებისაგან გამომდინარეობს. საქართველოს კონსტიტუცია და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი არეგულირებენ თანასწორობის პრინციპებს, ხოლო საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის მოიცავს მიზანსა და ამოცანებს შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, მათ შორის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშწყობასა და საჯარო ობიექტებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მხრივ.
საქართველოს კანონი “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური უფლებების შესახებ” ითვალისწინებს მშენებლობების ადაპტირებულობას. კანონის თავი II. – სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი სარგებლობისათვის პირობების შექმნა – მოიცავს მუხლებს, სადაც კონკრეტულად არის მითითებული, რომ სახელმწიფო დაწესებულებები, საწარმოები, სხვა დაწესებულებები თუ ორგანიზაციები უნდა უქმნიდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს თავისუფალი გადაადგილების, ინფორმაციის მიღებისა და ორიენტაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, იგივე კანონის მე-8 მუხლი კონკრეტულად საუბრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნილებების გათვალისწინებაზე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს. აღნიშნული პრინციპი იყო კანონის საწყის, 1995 წლის ვარიანტში, ხოლო ჩანაწერი დღევანდელი სახით კანონში 2001 წლიდან მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოში დაუშვებელია რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობის ან ინფრასტრუქტურის დაგეგმვა/აშენება, თუ ის “არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.” შესაბამისად, შენობები და ინფრასტრუქტურა კანონის მიხედვით ადაპტირებული უნდა იყოს 1995 წლიდან, თუმცა კანონის შესაბამისი განხორციელება პრობლემატური იყო და დღესდღეობითაც შეფერხებებს აწყდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩატარებულა ბარიერების გარეშე, ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს ფართომასშტაბიანი კვლევა, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ახორციელებენ ადგილობრივ კვლევებს. 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ოთხი მუნიციპალიტეტის (ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის) საკრებულოებს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზრუნველყოთ შესაბამისი პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობისათვის.
არსებული ინფორმაციის საფუძველზეც შესაძლებელია ვიმსჯელოთ, რომ საქართველოში ბარიერების გარეშე გარემო არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროება მაღალია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, სახელმწიფო საპენსიო და სოციალური პაკეტი 2017 წლის მონაცემებით გაიცემა 125248 შშმ პირზე, რაც ქვეყნის მოსახლეობის (3718200 პირ.) 3,37 პროცენტია. ბარიერების გარეშე გარემოთი ყოველდღიურად მოსარგებლე პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
თუ გავითვალისწინებთ ხანდაზმული ასაკისა და სხვა ადაპტირების საჭიროების მქონე პირთა რაოდენობას, ეს ციფრი ქვეყნის საერთო მოსახლეობის 7-8 პროცენტს უტოლდება. ამასთანავე, აღსანიშნავია საქართველოში არსებული მზარდი ტურიზმი, რომელიც 2017 წლის მონაცემებით 6 მილიონს აღემატება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ადაპტირებულობასა და გამართულობას საჭიროებს.აღსანიშნავია, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, ძველად და ახლად აშენებული შენობები ჯერ კიდევ ადაპტაციას საჭიროებს. ადაპტირების პრობლემა ზოგ შემთხვევაში აღინიშნება დამონტაჟებულ პანდუსებზე და სპეციალურ რელსებზეც, თუ ისინი არასტანდარტულად არის განთავსებული, ზედაპირი არასტანდარტულია, ან მათი დახრის კუთხე გამორიცხავს სარგებლობის ფაქტიურ შესაძლებლობას, რეკომენდირებულია ის იყოს დაბალი (5-8 გრადუსი). “საქართველოს მთავრობის დადგენილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” არ საუბრობს კონკრეტულად ამ საკითხზე, მაგრამ არეგულირებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და დაწესებულების ადაპტირებულობის საკითხებს.
მიუხედავად არსებული საკანონმდებლო ბაზისა, პრაქტიკაში ადაპტირებული გარემოს ეფექტურად უზრუნველყოფა პრობლემებს აწყდება. სხვადასხვა მაგალითის საფუძველზე გვაქვს ნაწილობრივ ადაპტირებული გარემო, ან არასათანადოდ განხორციელებული პროექტირება და მშენებლობა. მაგალითად, დამატებითი კიბის უჯრედი შეიძლება სხვამხრივ ადაპტირებული შენობის შემთხვევაში მაინც ბარიერი იყოს. გასათვალისწინებელია ასევე უკვე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, შენარჩუნებისა და შეკეთების აუცილებლობის ფაქტორი. ქ. თბილისის მაგალითზე აღინიშნა შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დამონტაჟებული პანდუსები დაზიანდა გზაზე ასფალტის დაგების პროცესში. პანდუსით სარგებლობისათვის საჭიროა მისი სტანდარტებთან შესაბამისობა და შენარჩუნება საწყის პირობებში.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2Dj0euD
დოკუმენტი ასახავს პროექტის პოზიციას და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ევროკავშირის მოსაზრებების გამოხატვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0