გელა სამხარაული ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

08/04/2024

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და 9-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის განათლებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„ლიეტუველ კოლეგებს მადლობა გადავუხადეთ ტერიტორიული მთლიანობის და ევროინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისთვის. მათი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათი თანადგომა გარკვეულწილად გვეხმარება გავიაროთ ის გზა, რაც თავის დროზე, ლიეტუვამ გაიარა ევროკავშირის და ნატო-ს წევრობამდე. სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე საკითხებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით, რაზეც, ვფიქრობ, რომ ამომწურავად გავეცით პასუხი. ლიეტუვა ჩვენს სტუდენტებს ეხმარება, რომ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლონ, რისთვისაც მათ მიმართ მადლიერება გამოვხატეთ“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს „თვინინგის“ პროგრამები, სადაც ლიეტუვა აქტიურად არის ჩართული. მნიშვნელოვანია, მათი გამოცდილება კოოპერატივების მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს. ეს არის მცირემიწიანობა და ნაკლებმოსავლიანობა. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ შემდგომში უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ და მათი გამოცდილება გავიზიაროთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0