გენადი არველაძემ იორდანიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი

21/05/2017

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ლინა ანაბიმ მოაწერეს ხელი.
გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ორივე ქვეყანას მისცემს საშუალებას, ტურიზმის მიმართულებით არსებული პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ. „დოკუმენტის მიხედვით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტუროპერატორების წახალისების მიმართულებით იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იორდანიიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის 200%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა“ – აღნიშნა არველაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ტურიზმის ზრდას ხელი შეუწყო კონკრეტულმა ქმედებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. „ეს არის 2017 წლის იანვრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება, ანუ იორდანელ მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ იმგზავრონ საქართველოში, ასევე 2017 წლის აპრილიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას იორდანიიდან საქართველოში“ – განაცხადა გენადი არველაძემ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი კარგი ბიძგია ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების შესახებ დიალოგის დასაწყებად. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც გასაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების გზებს და ხელს შეუწყობს ტურიზმის გააქტიურებას საქართველოსა და იორდანიას შორის – აღნიშნა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ლინა ანაბიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0