გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელა

16/08/2017

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.
კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.
კანონპროექტის მიღების მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force).
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანონპროექტი შემოსულია 37 ათასი ადამიანის ხელმოწერით, პროცედურები გავლილია და კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0