გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი წარადგინა

30/01/2018

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციის პროექტი წარუდგინა სამოქალაქო საზოგადოებას, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი არის ქალთა საკითხებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო საქართველოს პარლამენტისთვის.
მისივე თქმით, ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, „გვინდოდა, რომ პროექტი ფართო საზოგადოებისთვისაც გაგვეცნო, ყველა დაინტერესებული პირისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გაცნობოდა დოკუმენტს და თუ რაიმე შენიშვნები იქნება გამოთქმული, გენდერული თანასწორობის საბჭო, რა თქმა უნდა, იმსჯელებს ამ შენიშვნებზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ სახელმწიფო კონცეფციის ძირითად ღირებულებებზე და პრინციპებზე, მთავარ მიმართულებებზე და განხორციელების მექანიზმებზე ისაუბრა.
კონცეფციის ძირითადი მიმართულებებია: დისკრიმინაციის სფერო, ძალადობასთან ბრძოლის საკითხები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ცნობიერების ამაღლება და განათლება, პოლიტიკური სფერო, სოციალურ-ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვა, კულტურა და სპორტი.
პარლამენტი სახელმწიფო კონცეფციას დადგენილების საფუძველზე დაამტკიცებს და მისი გადახედვა შვიდ წელიწადში ერთხელ მოხდება. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, შვიდი წელი შერჩეული იქნა იმ მიზნით, რომ ამ დოკუმენტის გადასინჯვის პროცესი აცდენილიყო პოლიტიკურ ციკლს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტის ცვლილება პოლიტიკურ ციკლს არ უნდა ემთხვეოდეს იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა დომინანტი საქართველოს პარლამენტში, ეს თემები მაინც თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია“ , – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გენდერული თანასწორობის პირველი კონცეფცია 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ აღარ გადასინჯულა.
დღევანდელ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებს გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხებში.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ გასული წელი საკმაოდ აქტიური წელი იყო გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის. „გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ წინა წლებთან შედარებით გასული წელი იყო ძალიან აქტიური. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ, მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და განვახორციელეთ შესაბამისი გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. გასულ წელს, პირველად საქართველოს პარლამენტში, მოხდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების გენდერული ზეგავლენის შეფასება, ასევე ბევრი შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან ცნობიერების ამაღლების კუთხით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის. „მათი მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა იმ შედეგების მიღწევა, რომელიც შარშან გვქონდა. ჩვენ მათი მხარდაჭერის და დახმარების იმედი გვაქვს წელსაც სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანებია: სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმის დახვეწა, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0