გენერალური საკონსულო თბილისში გამომგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

29/06/2016

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მგზავრთა პირველი ნაკადი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დღეს ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დროით 18.10 საათზე გამოფრინდება.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ინდივიდუალური გზებით ათათურქის აეროპორტიდან საქართველოში გამომგზავრებას, აეროპორტში არსებული დიდი რიგების გათვალისწინებით დადგენილ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდნენ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ახორციელებს ავიაკომპანია Turkish Airlines და ავიაკომპანია Atlasglobal. მათ შორის ავიაკომპანია Atlasglobal აწარმოებს მოლაპარაკებას შესაბამის სამსახურებთან მგზავრთა რაოდენობის ერთიანად გადმოყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კომპანია Atlasglobal ვერ მოახერხებს ყველა მგზავრის თბილისში დღეს დაბრუნებას, მათ ავიაკომპანიის ხარჯით დააბინავებენ სასტუმროში და გამოამგზავრებენ უახლოესი რეისით.

სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უკვე უზრუნველყო საქართველოს იმ მოქალაქეების გადაყვანა აეროპორტში, ვინც დახმარებისთვის მიმართა საკონსულოს. დღესვე თბილისის მიმართულებით განხორციელდება კიდევ ორი რეისი თურქეთის დროით 21.10 საათზე და 01:40 საათზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00, საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26; ამასთან შეგახსენებთ, რომ ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0