გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა

04/10/2017

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული ხის ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, თანამედროვე სტანდარტების 30 აღსაზრდელზე გათვლილ ახლადაგებულ შენობაში სააღმზრდელო პროცესი გაახლდა. ახალი საბავშვო ბაღის გახსნის დღესასწაულს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბავშვი ბაღი კეთილმოწყობილი სასადილო და საძინებელი ოთახებით, სამზარეულოთი და სველი წერტილებით, თანამედროვე ინვენტარით, სრულად აკმაყოფილებს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებს. სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 75 000 ლარს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმე აკაკი დავითაიამ შეასრულა.
უახლოეს დღეებში ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი. წლის ბოლოსთვის კი სააღმზრდელო პროცესი დაიწყება ფოთის ქუჩაზე მდებარე II საბავშვო ბაღის ევროპული სტანდარტების ახალი შენობაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0