გივი მიქანაძე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობას, თემატური მოკვლევის ფარგლებში გაეცნო

19/07/2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. გივი მიქანაძე უმაღლეს სასწავლებლებს თემატური მოკვლევის ფარგლებში ეწვია, რომელიც საქართველოს რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრაზე და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიმართულებით მიმდინარეობს. მოკვლევა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით ხორციელდება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესტუმრნენ. თემატური მოკვლევის მიზნებია უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტების საჭიროებებთან, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობის შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა თანამედროვე განათლების მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. ასევე, უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0