გივი მიქანაძე რომში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

12/11/2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რომის, მილანის, ბოლონიის, ტრიესტეს, ფლორენციისა და პიზას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. შეხვედრაზე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. გივი მიქანაძემ სტუდენტებს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში ანაზღაურებად სტაჟირებაზე და საზღვარგარეთ დიპლომირებული სტუდენტების საქართველოში დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც აქცენტები გაკეთდა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებას და იმ სიახლეებს, რაც ამ სფეროში ხორციელდება.
შეხვედრა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში – კონსტანტინე სურგულაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0