გიორგი აბაშიშვილმა “მოითხოვე ქართულის“ მონაწილეები დააჯილდოვა

18/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქართული პროდუქციის პირველი დაგროვებითი ბარათის “მოითხოვე ქართული” კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში გაიმართა.
გიორგი აბაშიშვილმა გამარჯვებულებს პრეზიდენტის ხელმოწერით ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატები და 40-ზე მეტი ქართული კომპანიის სპეციალური პრიზები გადასცა.
დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული” საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ამავე სახელწოდების კამპანიის ნაწილია, რომელზეც ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ვირტუალურ ქულებს – „ქართულებს“ აგროვებს.
“დღეს დავაჯილდოვეთ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ქართული პროდუქციის შესყიდვის თვალსაზრისით. პირველ ეტაპზე დამზადებული ბარათების რაოდენობა, რომლებზეც ხდებოდა „ქართულების“ დარიცხვა უკვე სამჯერაა გაზრდილი. ეს აჩვენებს მოთხოვნის რაოდენობას. ამ კამპანიით ხდება ასევე, ქართული პროდუქციის რეკლამირება არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, ამავე კამპანიის ფარგლებში გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა პოლონეთის ქალაქ კრინიცაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და ქართულმა პროდუქციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
პირველ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ოქტომბრიდან ეს რიცხვი გასამმაგდება და კამპანიაში 60 000 მომხმარებელი ჩაერთვება. დაგროვებითი ბარათი ამ ეტაპზე ვრცელდება სამი სუპერმარკეტების ქსელში, ოქტომბრიდან დაგეგმილია ბარათის შეტანა წიგნის მაღაზიებში, აფთიაქში და პროფილურ მაღაზიებში.
კამპანია “მოითხოვე ქართულის” ფარგლებში, მომხმარებელთა წახალისების მიზნით, ბარათზე დაგროვებული “ქართულების” მიხედვით, ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი “ქართულების” ტოპ-ათეულის გამოსავლენად. დღეს გამოვლინდა ასევე 5 გამარჯვებული ყრუ პირი, რომელთაც ბარათზე ყველაზე მეტი „ქართულები“ დააგროვეს. როგორც პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ყრუ პირებისათვის მომავალში ცალკე კონკურსიც გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, დაგროვებითი ბარათის გავრცელებიდან 4 კვირაში ქართული პროდუქციის წილი მთლიან შენაძენში 7 %-ით გაიზარდა. 10-ჯერ გაიზარდა „ქართულების” რაოდენობა დაგროვებით ბარათზე.
მთლიანად დაგროვებითი ბარათის ფარგლებში 5 თვეში გაყიდულია 600 000 ლარის ქართული პროდუქცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0