გიორგი აბაშიშვილმა ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლისა და ბროშურების წარდგენაში მიიღო მონაწილეობა

04/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი და ბროშურები წარადგინა.
შეხვედრაზე გიორგი აბაშიშვილმა ფინანსური განათლების საკითხებზე მუშაობის გაძლიერებისათვის ეროვნულ ბანკს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის თითოეული ის ნაბიჯი, რომელსაც იგი ახორციელებს, მნიშვნელოვნად დაეხმარება მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და აგვაცილებს მნიშვნელოვან რისკებს და დანაკარგებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ფინანსური განათლების ნაწილში, და მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან იმისათვის, რათა ცნობადობა ფინანსური საკითხებზე იყოს გაცილებით მაღალი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა.
პრეზენტაციას ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0