გიორგი ალიბეგაშვილი და დავით უთმელიძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის „ითამაშე ჭადრაკი“ პრეზენტაციას დაესწრნენ

22/05/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ თავმჯდომარესთან, სპორტის ოსტატთან ჭადრაკში დავით უთმელიძესთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ინიცირებული პროექტის- „ითამაშე ჭადრაკი“ პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა, აღნიშნულ სასწავლებელსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტი და Hewlett Packard საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი გახდება, რის საფუძველზეც ორგანიზაციები ეროვნულ ნაკრებს საჭირო ტექნოლოგიებით ერთობლივად უზრუნველყოფენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა ჭადრაკის ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან და უნივერსიტეტის დირექტორთან მიხეილ ბატიაშვილთან ერთად მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დავით უთმელიძემ კი, მონაწილეობა საჭადრაკო მატჩში მიიღო, რომელიც მოწვეულ სტუმრებსა და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს, კერძოდ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს შორის გაიმართა და თამაში ყაიმით დაასრულა.
დღესვე, ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი გამართა, რომელიც პირდაპირი ეთერის რეჟიმში ინტერნეტით გადაიცემოდა და რომლის მსვლელობას რამდენიმე ათასი ინტერნეტ-მომხმარებელი ადევნებდა თვალყურს.
ღონისძიების დასასრულს, Softline და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს. ფესტივალს მოქმედი, ვეტერანი და დამწყები მოჭადრაკეები, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები და ჭადრაკის მოყვარულები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0