გიორგი ალიბეგაშვილმა არსებული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლები სერთიფიკატებით დააჯილდოვა

10/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ თბილისში არსებული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომლებმაც საკრებულოში 3 თვიანი სტაჟირება გაიარეს, სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრაზე გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ სტუდენტებთან ერთად პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, სტაჟირება წარმატებით გაიარეს, რაც მათ სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევის განვითარებასა და მომავალი საქმიანობის სწორად არჩევაში დაეხმარება.
პროექტი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსა“ და საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გახორციელდა.
ასირიული, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და რუსული დიასპორის წარმომადგენლებმა სტაჟირების ფარგლებში პრაქტიკა, საკრებულოს სხვადასხვა განყოფილებაში გაიარეს. სტუდენტებმა საკრებულოს საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ასევე, გაეცნენ საჯარო სამსახურში მუშაობის სპეციფიკას და თვითმმართველობის ფუნქციებს.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სტაჟირებას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი შეუდგება.
შეხვედრას ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0