გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017″-ის მონაწილეებს ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის მუშაობის პრინციპი გააცნო

21/07/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ამბასადორიალი 2017″-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებსა და ექსპორტიორების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. კერძოდ, გიორგი გახარიამ კონფერენციის მონაწილეებს ე.წ. ექსპორტის სამკუთხედის მუშაობის პრინციპი გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ე.წ. ექსპორტის სამკუთხედი მოიცავს სამი უწყების კოორდინირებულ მუშაობას, რომლის მიზანია ქართველი ექსპორტიორების მხარდაჭერა ბაზრებზე შეღწევისა და იქ დამკვიდრების საკითხში. ეს უწყებებია: ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელიც შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ. გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული პროცესის ლოკომოტივია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ექსპორტიორ კომპანიებთან და კონკრეტული ხელშეწყობის მექანიზმები გააჩნია. „ამ სამკუთხედიდან ამოქმედებულია ყველაფერი ექსპორტის მხარდამჭერი საკრედიტო სააგენტოს გარდა, რომლის კანონმდებლობის დრაფტიც უკვე შექმნილია და უახლოეს პერიოდში ისიც ამოქმედდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მინისტრის ინფორმაციით, ე. წ. ექსპორტის სამკუთხედის უწყებების როლები შემდეგნაირად ნაწილდება: ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით; საგარეო საქმეთა სამინისტროს როლია საელჩოების მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; რაც შეეხება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, როცა ის შეიქმნება, უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე.
„ცალ-ცალკე აღებული, სამკუთხედის ყველა სტრუქტურა ეხმარება ექსპორტიორებს, თუმცა, ამ სამკუთხედის ეფექტიანობა ძალისხმევის გაერთიანებასა და სინერგიის ეფექტშია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მან ასევე განმარტა, თუ როგორ მუშაობს სამკუთხედი პრაქტიკაში და რა ეტაპებს მოიცავს ეს პროცესი. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, ხდება საექსპორტო ბაზრების და პროდუქტების ანალიზი. ეს ანალიზი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ბაზრებზე არსებული მდგომარეობის, მოთხოვნის, მიწოდების, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების და სხვა ასპექტების შესახებ. ამასთან, ხდება სექტორული პორტფელების ჩამოყალიბება და პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება ქვეყნების მიხედვით. საბოლოოდ, მიღებული ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის.
მინისტრის განცხადებით, ექსპორტის მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია საექსპორტო სექტორების განსაზღვრა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის სამინისტროს იდენტიფიცირებული აქვს 1044 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც განაწილებულია 6 პორტფელის მიხედვით. პორტფელები შედგენილია საექსპორტო პროდუქტების გათვალისწინებით. „რეალურად, ამ მიდგომით მოვიცავით საქართველოს ფაქტობრივად, მთლიანი ექსპორტი. თუმცა, ეს არის პირველადი ანალიზი, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პროექტის თანახმად, საექსპორტო პროდუქტების მიხედვით განაწილებულ პორტფელებს მენეჯერები მართავენ – პორტფელის მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს მის პორტფელში შემავალ პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა, იქნება ეს საექსპორტო ბაზრებზე არსებული მდგომარეობა, თუ პორტფელში შემავალი კომპანიების პრობლემების ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე მხარდაჭერის ამა თუ იმ ინსტრუმენტის გამოყენება. „ზოგადად პორტფელის მენეჯმენტი ახალი მიდგომაა ექსპორტის მხარდაჭერის სფეროში, რაც ექსპორტის მხარდაჭერის სამკუთხედის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0