გიორგი გახარიამ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10/11/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა – ელჩს საქართველოში 4-წლიანი დიპლომატიური სამსახურის ვადა ამოეწურა.გიორგი გახარიამ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიამ შეხვედრისას საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოში თურქეთის საელჩოს და პირადად ელჩს, ბატონ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს. მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0