გიორგი გახარია მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებს შეხვდა

14/05/2018

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლმა და მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთანხმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ბევრჯერ გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული ეს ნაბიჯები განეხორციელებინა“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ კლუბში შესული შსს-ს ყველა თანამშრომელი სამხრე კამერებით იყო აღჭურვილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც კლუბში იყო შესული, სამხრე კამერებით იყო აღჭურვილი. უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს. ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ ყველაფერთან, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში“, – განაცხადა გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0