ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გამგებელი სოფელ ცხრამუხაში ბიბლიოთეკის მშენებლობის და ატრაქციონების დამონტაჟების მიმდინარეობას გაეცნო, მან დაათვალიერა სოფელ ალში მიმდინარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისა და გზის მოასფალტების სამუშაოები. ბეტონის გზისა და სანიაღვრეების მოწყობი სამუშაოები გამგებელმა სოფელ წაღვლშიც მოინახულა. გიორგი გურასპაშვილი ხაშურში, მინის ტარის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.
სოფელ ცხრამუხაში ბიბლიოთეკის მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ფინანსდება. პროექტისთვის 23 765 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება და სოფელ ცხრამუხის მოსახლეობას ახალი ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცხრამუხელი პატარებისთვის აქვე, სკვერში მიმდინარეობს ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
სოფელ ალში საბავშვო ბაღის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 212 976 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება სოფელ ალში გზის მოასფალტების სამუშაოებიც. 399 000 ლარის ღირებულების პროექტის დასრულება სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, რაც სოფელ ალის მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
ბეტონის გზისა და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს სოფელ წაღვლში. პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მიღებული თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 295032 ლარია, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელი წაღვლისთვის, რადგანაც გარდა მაღალმთიანი სოფლის სტატუსისა, წაღვლი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფელიც არის.
რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს ასევე ხაშურში, მინის ტარის დასახლებაში N8 საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 538 965 ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.