გიორგი ერმაკოვმა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

12/11/2017

გიორგი ერმაკოვმა სასტუმრო ,,ჰილტონში” საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, ყოფილმა მერმა ახლადარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს, ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა ახლადარჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს, ბათუმის მერის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული საქმიანობისთვის.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ჩემს ყოფილ კოლეგა მინისტრებს, თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის და იმ სასიკეთო საქმეებისათვის, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო და კეთილი სიტყვები ვთქვა მომავალი კოლეგების, საკრებულოს დეპუტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი გამარჯვებისათვის. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გვისაუბრია იმაზე, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, რთული ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ქალაქს მუდმივად სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება, როგორც ბავშვს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. ამიტომ, მე, პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის, იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისათვის, რომელსაც ვაძლევდით ჩვენ მოსახლეობას“– განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ლაშა კომახიძე ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0