გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს შეხვდა

09/06/2017

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ევროპარლამენტარს გააცნო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა 2017 წლის 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტზე და ევროპარლამენტარს ესაუბრა სამიტისათვის საქართველოს პრიორიტეტებისა და მოლოდინების თაობაზე. ასევე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ევროპარლამენტარს მადლობა გადაუხადა მ.წ. 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე გამართული კენჭისყრისას გამოხატული მხარდაჭერისათვის.
ევროპარლამენტარმა ბრაიან ჰეიესმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და საქართველოს მხარესთან შემდგომი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0