გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

19/09/2017

საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ტომას გრემინგერის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
შეხვედრისას, პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. პრემიერმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობისთვის საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
პრემიერმა ტომას გრემინგერს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0