ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული

12/12/2023

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ეროვნული იდენტობა.

„მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, მეგობრებო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო ელჩებო, ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლებო, ჩემო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ბატონმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო და დღეს პატივი გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ ესახება მთავრობასა და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარება. ბატონმა გიორგიმ დანიშვნისთანავე ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა – ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დაამუშავა; წარმოადგინა თავისი ხედვა, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, სხვა სიმაღლეზე განათლების ყველა საფეხური და თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება სისტემაში, ვინაიდან, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ-ი, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთმა მინისტრმა მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს – გიორგი ამილახვარს ამ გამოწვევების გადასაჭრელად კარგად გააზრებული ხედვა აქვს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბევრმა, არაერთმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ჩვენს მინისტრს – ბატონ გიორგის აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგად გააზრებული. ჩვენ ძალიან აქტიურად, მჭიდროდ ვმუშაობთ აი ამ საკითხების გადაწყვეტაზე. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება. ეს რჩება ჯერ კიდევ დღეს მთავარ გამოწვევად – ხარისხიანი განათლება და ამაზე მიუთითებს ყველა კვლევა. ზოგადად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო, ეს იქნება ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და მხარდაჭერა გაგრძელდება. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობისა. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებისა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. მინისტრის ინიციატივით მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, რომელიც სრულიად ახალ ხედვას ეფუძნება და ამის თაობაზე ბატონი მინისტრი თავად წარმოგიდგენთ ძალიან მალე”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამით არის ყველაფერი ნათქვამი, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას.

„მინდა აღვნიშნო რამდენიმე სიტყვით მზარდ ბიუჯეტზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მლნ ლარი, წელს – 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და გაისად, 2024 წელს, იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი – 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტის. ამით არის ყველაფერი ნათქვამი – თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ, ასე ვთქვათ ფასადურად, არათუ ავითარებდა, არამედ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას. რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოგეხსენებათ, რომ შარშან, ჩემი დავალებით, დავიწყეთ მასშტაბური პროგრამა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ დავიწყეთ 1000-ამდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა და მინიმუმ მილიარდი ლარი დაიხარჯება აი, ამ პროექტის ფარგლებში და ყველა სკოლა 2027 წლისთვის იქნება რეაბილიტირებული და აშენებული ერთიანი, შეიძლება ითქვას, ევროპული სტანდარტის მიხედვით – ყველა სკოლა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები და ჩვენი მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს. შარშან უკვე დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს, ასევე დაგეგმილია რამდენიმე, დაახლოებით 250-ამდე, ახალი სკოლის ჩასმა, რეაბილიტაცია და მშენებლობაც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მეგობრებო – 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1200 ლარამდე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის – საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მათი ხელფასი, 500 ლარით და მეტით; ზოგ შემთხვევაში – 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი, ეს შედარებისთვის. ასევე მინდა ვთქვა მნიშვნელოვანი წამოწყების შესახებ, რომელზეც ბატონი მინისტრი ისაუბრებს – განათლების ეროვნული მიზნები, რაც არ განახლებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში, 2004 წელს იქნა მიღებული განათლების ეროვნული მიზნები და მას შემდეგ არ განახლებულა. ამიტომ საჭირო არის ახალი ხედვის ჩამოყალიბება და ამაზე ბატონი გიორგი ისაუბრებს. განახლებული მიზნები, მეგობრებო, დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას – პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების კუთხით. ასევე მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლების, ზოგადად, უფრო მეტი ავტონომიურობა, როგორ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და გარკვეული უფლებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ამავდროულად გვაქვს ხედვა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებითი, ეს იყოს კარგად გააზრებული და, რაც მთავარია, შედეგი მოიტანოს ყველა იმ ცვლილებამ, რომელსაც ვახორციელებთ. ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება ძალიან ინტენსიურად. მე მინდა ასევე გამოვეხმაურო იმას, რომ ბოლო პერიოდში, რაც შემთხვევითი არ არის, თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს სამინისტროს, მინისტრის წინააღმდეგ. ეს რაზე მიუთითებს, მეგობრებო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს და მის გუნდს კიდევ ერთხელ და ვუსურვო წარმატებები”, – განაცხადა პრემიერმა.

ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და საკვანძო საკითხები საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0