გიორგი კვირიკაშვილი კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც prof-news-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისში წყალდიდობის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი დიდია, რასაც ხელს შეუწყობს კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის საკითხს, ასევე განათლების რეფორმას, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო არენაზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ამ მხრივ ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო წყლის კომპანია K Water-ის ინვესტიციას, რომელიც სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.

Visited 114 times, 1 visit(s) today