გიორგი კვირიკაშვილი მარკ პრიტჩარდს შეხვდა

03/10/2017

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე შედგება.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ელჩის მოადგილე ტიფანი სედლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0