გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდა

26/04/2017

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანის შეხვდა. კოტროჩენის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კლაუს იოჰანიმ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. გამოითქვა იმედი, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას, ხალხთაშორის კავშირების გამყარებას და ტურიზმის განვითარებას.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ძირითადი მექანიზმის მნიშვნელობა და ამ მისიაში რუმინეთის მონაწილეობის როლი.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
რუმინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0