გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

21/04/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებულ პოტენციალზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი გააჩნია-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მხარეებმა შეაფასეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საუბარი შეეხო საქართველოსმოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას და უკრაინასთან მიმართებაში ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას, სადაც აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის,თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებულ გამოწვევები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0