გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა

28/09/2017

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის! მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ აქ, ამ ისტორიულ ძირძველ მიწაზე. ერთად ვდგავართ ჩვენ – ქართველები, ჩვენი სომეხი დები და ძმები და ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მეგობრებო, „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ თანდათან ჩვენი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ხალხმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი. ჩვენ, თქვენი მხარდაჭერით, ჩავიბარეთ ქვეყნის მართვის სადავეები და 21 ოქტომბერს, კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს, რომელზეც თქვენ ადგილობრივ ხელისუფლებას აირჩევთ. მე მჯერა, რომ თქვენ აირჩევთ საუკეთესო კანდიდატებს და ასეთები ნამდვილად არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი სახელმწიფო პროგრამა წამოიწყო პირველი რიგის პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ჯანდაცვის პროგრამაში, თითოეული ადამიანის სრულად უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურებით. ამ პროგრამამ უამრავ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ ბევრ სხვა სპეციალურ პროგრამასაც – ეს არის სოფლის მეურნეობის, წარმოების განვითარებისა და ხელშეწყობის, ადგილობრივი წარმოების აღორძინების, ინფრასტრუქტურული და სხვა პროგრამები. თითოეული ეს პროექტი, პირველ რიგში, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მას მოჰყვება რეგიონების განვითარება და ადამიანების დასაქმება. სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტები საკმაოდ ბევრია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სწორედ სამცხე-ჯავახეთზე გაივლის. ეს მაგისტრალი ხელს შეუწყობს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას. გარდა ამისა, ეს არის თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივების დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობა. საქართველო – თურქეთის საზღვარზე აშენდა და ამოქმედდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ და, პარალელურად, თურქეთშიც გაიხსნა საბაჟო გამშვები პუნქტი. ახალმა საბაჟო ინფრასტრუქტურამ მგზავრები უზრუნველყო კომფორტული და სწრაფი მომსახურებით, საგრძნობლად განიტვირთა სარფისა და ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტები. გარდა ამისა, შეიქმნა სამუშაო ადგილები და გაჩნდა შემოსავლის დამატებითი წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მინდა შევეხო სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით მუშაობს ჰიდროელექტროსადგური „ფარავანი“, რომელშიც 185 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში, კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, „მტკვარჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. ჰესი 2019 წელს ამუშავდება. სამშენებლო სამუშაოებში 300 ადგილობრივი მოსახლეა ჩართული. ასევე, შენდება ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის ღირებულება 36 მილიონი ლარია. მეგობრებო, მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთი სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან მდიდარ ტრადიციებს ინახავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტრადიციები შენარჩუნდეს და კიდევ უფრო განვითარდეს. სახელმწიფოს ხელშეწყობით და გლეხებისა და ფერმერების აქტიურობით, რეგიონის პოტენციალი მთლიანად იქნება ათვისებული. ეს ყველას ინტერესშია და, იმედი მაქვს, რომ სამცხე-ჯავახეთი სულ უფრო მეტად გაითქვამს სახელს დღემდე შემონახული სხვადასხვა აგრარული კულტურის უნიკალური ჯიშების განვითარებით. თქვენ იცით, რომ ხიზაბავრას მესხური ტერასების ტერიტორიაზე დაწყებულია უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროექტი. საუკუნეების განმავლობაში ეს კულტურული ძეგლი განადგურებული იყო. აღდგენილ ტერასებზე მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშები დაირგვება და ეს დასაბამს მისცემს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებას. ამ პროექტს უდიდესი კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. ვარძია, რაბათი, ხერთვისი, განახლებული ჭაჭკარი და მესხური ტერასები მთლიანობაში ერთ ძალიან დიდ ტურისტულ, უაღრესად საინტერესო მარშრუტს შექმნის, რომელიც მიმზიდველი იქნება ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის. სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით გლეხებს, ფერმერებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, დაფინანსების უმეტესი ნაწილი, მესაქონლეობისა და მებოსტნეობის მიმართულებით გავეცით, ხელს ვუწყობთ ასევე რეგიონში მებაღეობის განვითარებას. სწორედ ამ ხელშეწყობის შედეგად, სამცხე-ჯავახეთში გაიხსნა 7 ახალი და გაფართოვდა 54 არსებული საწარმო. ჩვენ სპეციალურ ღონისძიებებს ვახორციელებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას. ამ მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთში 400-მდე პროექტი განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენი ვალია, ავითვისოთ ეს პოტენციალი. 2015-2017 წლებში, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში 15 ახალი სასტუმრო აშენდა, მათ შორისაა საერთაშორისო ბრენდის და ასევე, ადგილობრივი, ოჯახური ტიპის სასტუმროები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე დღის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო დარეგისტრირდა 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარების კანდიდატ ქვეყანად. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს უფრო ცნობადს გახდის საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება, ახალი სამუშაოები შეიქმნება და თითოეული ახალი ჩამოსული ტურისტი, არის ახალი დასაქმებული ადამიანი საქართველოში. გარდა ამისა, 30-წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა კურორტი მიტარბი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ასევე მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა ახალი პროექტების ნუსხიდან, არის საფარის მონასტერთან მისასვლელი გზა, სადაც პირველად დაიგო ასფალტის საფარი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ გზის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის გადარჩენის 4-წლიანი პროგრამა, რის შედეგადაც, ჩვენ, ეს უნიკალური, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გვექნება განახლებული და მომავალ თაობებს შემოვუნახავთ აღდგენილი სახით. მინდა აღვნიშნო, რომ სამცხე-ჯავახეთში იწყება კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – ეს გახლავთ აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია. ამ პროექტის განხორციელებით, ათეულობით წლების შემდეგ, ობსერვატორიას ექნება ულტრათანამედროვე და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა. ეს მართლაც საქვეყნო საქმე მრავალმხრივ შედეგებს მოგვიტანს. ასევე მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთისა და მთიან აჭარის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 45-კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზის მშენებლობა, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ გზის აშენება. გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აჭარასთან დააკავშირებს, უმნიშვნელოვანესია ტურისტული თვალსაზრისითაც, რეალურად ახალი კავშირები დამყარდება ახალ კურორტებს შორის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს ორივე რეგიონში. მეგობრებო, ყველა პროექტი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება, ამ რეგიონის განვითარებას, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობას ემსახურება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რომ თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს და თქვენს ოჯახებს დაეტყოს წინსვლა. „ქართული ოცნება“ მზად არის, გააგრძელოს და დაასრულოს არსებული პროექტები და შეუდგეს ახალი პროექტების განხორციელებას. როგორც ხედავთ, ამ რეგიონში ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ყველა ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამისათვის, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთად დგომა, კონსოლიდაცია და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობას! ახლა ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები ,,ქართული ოცნებიდან”: ბორჯომის მერობის კანდიდატი – ლევან ლიპარტია, ახალციხის მერობის კანდიდატი – ზაზა მელიქიძე, ადიგენის მერობის კანდიდატი – ზაქარია ენდელაძე, ასპინძის მერობის კანდიდატი – როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის მერობის კანდიდატი – იურიკ უნანიანი, ნინოწმინდის მერობის კანდიდატი – ანივარდ მოსოიანი. გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის ერთად აშენებულ უკეთეს მომავალს! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0