გიორგი კობერიძე კომპანია SUEZ -ის წარმომადგენლებს შეხვდა

22/11/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ფრანგული კომპანია SUEZ -ის რეგიონული ფილიალის დირექტორს ალან კარბონელს და პროექტების მენეჯერს ჟულიენ გიტეს შეხვდა. უცხოური კომპანია საქართველოს 7 ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებული პრობლემები და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელების გზები. ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა კომპანიის დირექტორს წარუდგინეს თავიანთი ხედვა, ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. SUEZ-ის დელეგაციამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რადმენიმე თვის წინ უშუალოდ მოინახულა ის ადგილები, სადაც კომპანია ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. თავის მხრივ, ფრანგული კომპანია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ურბანული განვითარება, წყლის მართვა და ნარჩენების გადამუშავება. SUEZ -ის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრაქტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0