გიორგი მარგველაშვილი ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა

26/02/2018

პროექტი ,,ვისწავლოთ ქართული” საქართველოს პრეიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა და პროექტის ავტორებს სამწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
,, სასიხარულოა, რომ სწორედ ბოლნისში ჩატარდა პროექტის ,,ვისწავლოთ ქართული“ შემაჯამებელი ღონისძიება.
ეს არის პროექტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის მართლაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საფუძვლიანად დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც თითოეულ მათგანს აძლევს საშუალებას მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და უფრო მეტად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში.
მე თითოეულ მსმენელს გილოცავთ ამ კურსების გავლას და სამომავლო წარმატებას გისურვებთ. თქვენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და ხელშეწყობით მოგეცათ საშუალება მაღალკვალიფიციური პედაგოგების დიდი მონდომებით ქართული ენა დაჩქარებული მეთოდით შეგესწავლათ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პროექტში ჩართულ ყველა პედაგოგს გულითადად გადაგიხადოთ მადლობა იმ მონდომებისა და შრომისთვის, რომელიც ამ 3 წლის განმავლობაში არ დაიშურეთ”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრის მოდერატორის, ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში – ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში თსუ პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სახელმწიფო ენასა და კონსტიტუციის საფუძვლებს ინტეგრირებული სწავლების მეთოდით ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.

პროგრამის მეშვეობით, სახელმწიფო ენის სწავლებასთან ერთად ხელმისაწვდომი გახდა, მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაცია იმ უფლება–მოვალეობების შესახებ, რაც მათ ქართული კანონმდებლობით აქვთ ენიჭებათ.

შედეგად – ორივე კომპონენტის დაჩქარებული მეთოდით შესწავლამ მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სწრაფ და სრულყოფილ ინტეგრაციას.

2015-2017 წლებში პროექტის საშუალებით – „ვისწავლოთ ქართული“ – სწავლება განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონის, 11 მუნიციპალიტეტის 79 სოფელში. ამ სამი წლის განმავლობაში კურსის მეცადინეობებს 6688 მსმენელი დაესწრო, რომელთა დაახლოებით 80%-მა მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0