გიორგი მარგველაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

24/05/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო – ამერიკის ორმხრივ და მარავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ურყევი თანადგომისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უკავშირდება და ამ მხარდაჭერის პროცესში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის როლს.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო – ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს.
საუბარი შეეხო უსაფრთოხების საკითხებს, ნატო-ს მომავალ სამიტს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საკონსტიტუციო რეფორმას.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ის თემები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატებში საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურია”, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და უშიშროების მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0