გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია

02/10/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად დღეს ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიზე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრეზედენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ, ლისაბონში ბელემის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას, პრემიერმინისტრ ანტონიო კოსტას და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდება.
პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის კერძო სამეცნიერო ,,ფონდ შამპალიმოს’’ მოინახულებს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიო-სამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობს.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში პორტუგალიის უძველესი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს და გრასას მონასტერს დაათვალიერებს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს გახსნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0