საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა განიხილეს; საუბარი შეეხო საქართველოში არჩევნების შემდგომ პერიოდს და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, ასევე რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობის საკითხებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება გააცნო; გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ბრიტანულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო ვითარდება, როგორც სტაბილური დემოკრატიის, უსაფრთხო ქვეყანა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საუბარი, ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.
„დიდი ბრიტანეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც მრავალმხრივი ურთიერთობა გვაქვს; მათ შორის, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია საპარლამენტო დიპლომატია. ამ ჯგუფის მიზანია, კიდევ ერთხელ გაეცნოს საქართველოში არსებულ ვითარებასა და განაახლოს ურთიერთობა ჩვენს ახალადარჩეულ პარლამენტსა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტს შორის, ასევე ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების გაღვივებასა და განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.