გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის “მოითხოვე ქართული” გამარჯვებულები დააჯილდოვა

24/12/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქარვასლაში, მისივე ინიციატივით მიმდინარე კამპანიის “მოითხოვე ქართული” შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომლის მიზანიც ქართული პროდუქციის გაყიდვების ზრდის წახალისება და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციაა.
კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის დაჯილდოების ცერემონია.
კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთა შორის იყო ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ კამპანიაში და ზოგადად, ქართული წარმოების განვითარების მხარდამჭერია.
ცერემონიალზე გამოვლინდნენ დაგროვებითი ბარათის “მოითხოვე ქართულის” ფარგლებში წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ქულების “ქართულების” მფლობელები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა და ქართველ მეწარმეთა მიერ დაწესებული პრიზები და სერტიფიკატები გადასცა.
“”მოითხოვე ქართული” კამპანიის ფარგლებში მეწარმეებიც დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მათ ერთმანეთი სწორედ ამ პროცესის ფარგლებში იპოვნეს, შექმნეს ბიზნესკავშირები და კიდევ უფრო მეტად აძლიერებენ თავის ბიზნესს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ქმნიან ქართულ დოვლათს და საზოგადოებას საახალწლოდ ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა.
ამით აძლიერებთ ქართულ წარმოებას, აძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და თქვენი წვლილი შეგაქვთ ადამიანების დასაქმებაში თქვენი ახლობლების, თქვენი მეგობრების ეკონომიკურ ყოფაში.
ახლა, წინასაახალწლო დღეებში მინდა ყველა თქვენგანის ოჯახი იყოს სავსე ხვავით და ბარაქით, იყოთ განწყობილი სადღესასწაულოდ. როდესაც საქართველოს და მის მომავალს ადღეგრძელებთ, ძალიან მინდა ეს სუფრა იყოს რაც შეიძლება ქართული პროდუქციით დამშვენებული.
ამ ყოფითი პატრიოტიზმით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ქართული ქვეყნის სიძლიერისთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
გამოფენა-გაყიდვას დაესწრნენ სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0