გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა სენაკში დაასრულა

15/01/2018

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სენაკში დაასრულა, სადაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში დროშა თემურ ბოკუჩავას შვილმა, მეუღლემ და მასწავლებელმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა “სენაკი” შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სა საჯარო სკოლის პედაგოგები.
დროშის დღე პრეზიდენტმა დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში აღნიშნა. პირველი ღონისძიება კი, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მისი ინიციატივით დამზადდა. ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზეც გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.
საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკერებს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო დროშაზე, როგოც სახელმწიფოსა და ხალხის გამაერთიანებელ სიმბოლოზე, სულის გაუტეხელობისა და სიმამაცის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.
იუნკერების შემდეგ, სახელმწიფო დროშა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა “ქუთაისი” შეასრულა.
პრეზიდენტმა ყველა რეგიონში ცერემონიის მონაწილეებს სახელმწიფო დროშები და “დროშის აღმართვის წესის შესახებ” სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0