გიორგი მარგველაშვილმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი მიიღო

14/02/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.
შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და საინვესტიციო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პერსპექტივას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასა და სატრანზიტო როლზე.
გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე, უსაფრთხოების საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0