გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

12/10/2017

გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა, შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
“განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის”, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0