გოგი მეშველიანი ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა

26/09/2019

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან და მათ ღია ფორმატის შეხვედრების ანგარიში წარუდგინა.
აღნიშნულ შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. ღონისძიების მიზანია სამოქალაქო და საჯარო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. შედგეს დისკუსია არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და ერთობლივად ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები იმ მოქმედებებისთვის, რაც ცალკეული საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის და დისკუსიის მიზანია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეგვეჯერებინა ჩვენი პოზიციები და მათთან ერთად დაგვესახა სამომავლო გეგმები. ეს ადამიანები, საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში, ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა და რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბებთ გარკვეულ ტრადიციას, როცა პერიოდულად, სამ-ოთხ თვეში ერთხელ შევიკრიბებით რათა გავაანალიზოთ, შევაფასოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული. მიმაჩნია, რომ მსგავსი აქტივობების გამართვა მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფლის მოსახლეობასთან, 25 საჯარო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საჭიროებებსა და პრობლემებზე 1000-მდე მოქალაქეს გაესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0