გრიგოლ გიორგაძე ბათუმში მეწარმეებს ესტუმრა

20/07/2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერი ეკა გვალია, ბათუმში, ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ 2 მეწარმეს ესტუმრნენ და საწარმოები ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, ცენტრმა „აფხაზეთმა“ ტექნიკა-დანადგარების შესაძენად ადგილობრივ მეწარმეებს გრანტები გადასცა, თავის მხრივ მეწარმეებმა დევნილების დასაქმების ვალდებულება აიღეს. სულ დაფინანსდა 44 საწარმო და გრძელვადიანად დასაქმდა 80-მდე დევნილი.
მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისში მცირე მეწარმეებისათვის ხელსაწყოების გადაცემის ღონისძიებასაც დაესწრო.
ღონისძიებაზე 40-მდე დევნილ და ეკომიგრანტ მცირე მეწარმეს, საარსებო წყაროების მოსაძიებლად, როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე არსებული საქმიანობის გასაფართოებლად 500 ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0