გრიგოლ ნემსაძე სოფელ გამარჯვებაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა

19/02/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პირველ მოადგილესთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სოფელ გამარჯვებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში რეგიონის გუბერნატორმა სოფლის განვითარების შესახებ ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა სოფელ გამარჯვებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა. გრიგოლ ნემსაძემ მოსახლეობას ის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია არსებული შენობის დემონტაჟი და 6 ჯგუფზე გათვლილი ახალი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 750 000 ლარს შეადგენს. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ახლადაშენებული ბაღის ეზოში, თანამედროვე ტიპის საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო სოფელში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უკეთ მართვის უზრუნველყოფასა და გზებზე სიჩქარის შემანელებელი ბარიერების განთავსების საჭიროებას. მხარის გუბერნატორი ადგილობრივებს დასახელებული პრობლემების გადაჭრის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ გამარჯვებაში გასულ წელს შიდა გზების მოასფალტებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და მოწესრიგდა 12 კილომეტრი სიგრძის გზა. შედეგად სოფლის 11 უბანში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0