გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

11/03/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo).
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
სათხილამურო შეჯიბრი დღეს გუდაურში გაიმართება. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება და მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ.
დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, რომელმაც დიპლომატებისთვის მოწყო საშეჯიბრო სათხილამურო გზა და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.
სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრეტიდებულ ელჩებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად საკურორტო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში აშენებულ სასტუმროს „გუდაური ინნ”-ს გახსნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0