გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა

11/03/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით, გუდაურში პირველად გაიმართა დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა.
შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულები გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. უცხოელი დიპლომატი ქალბატონისა და მამაკაცის ნომინაციებში საქართველოში შვეიცარიის ელჩის მეუღლე ბარბარა კოჰლერი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის ხელმძღვანელი პიტერ დანისი გახდნენ. ხოლო უწყებებს შორის გამარჯვებულები გახდნენ ირინა კლიმიაშვილი (საგარეო საქმეთა სამინისტრო) და შოთა ბრელიძე (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).
ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ #dipski2017 მიზნად ისახავდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo).
დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ იყო, რომელმაც დიპლომატებისთვის საშეჯიბრო სათხილამურო გზა მოაწყო და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0