გურიაში მყარი ნარჩენების თემაზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

31/05/2017

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) ფინანსური მხარდაჭრის ფარგლებში, გურიის რეგიონში განხორციელდა პროექტი – „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ამ მიზნით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ჭავჭანიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, პროექტის ექსპერტი ნარჩენების მართვის სფეროში აკაკი ფანჩულიძე და სხვა დაინტერესებული პირები. პროექტი მიზნად ისახავდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმის შემუშავებას; გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის კუთხით; ადგილობრივი საზოგადოების გააქტიურებასა და ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. პროექტის მიმდინარეობა ითვალისწინებდა აქტიურ კომუნიკაციას, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და ჩატარდა მრავალი საჯარო შეხვედრა, სემინარი, მრგვალი მაგიდა/კონფერენცია და ა.შ. მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის მომზადების მიზნით, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და დაინიშნენ ამ ჯგუფების პროექტის მენეჯერები. მენეჯერების მხრიდან შეგროვდა საბაზისო ინფორმაცია შემდგომში გეგმის სრულფასოვნად შემუშვების მიზნით. მოხდა გურიის რეგიონის ნარჩენების მართვის არსებული სისტემის სრული შესწავლა, პირველადი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0