გურიაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ხიდები დაზიანდა

16/10/2017

გურიაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, დაზიანდა და წაღებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ხიდები და მილ-ხიდები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, განვითარდა მეწყრული პროცესები.
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებს ადგილზე ეცნობა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს. სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.
ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში. სამტრედია-ჩოხატაურის გზაზე, საჯავახოს მონაკვეთზე 3 ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა. ტექნიკა მობილიზებულია და გზა უკვე გახსნილია. მეწყერული პროცესები განვითარდა ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა სასოფლო გზები, მათ შორის მაღალმთიანი სოფელ სურების გზა, რომელზეც მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ძლიერმა ნალექმა წაიღო გზის გარკვეული მონაკვეთი, მასზე მოწყობილი გარე განათების ბოძებით. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, წითელმთის მონაკვეთზე ადიდებულია მდინარე ბჟუჟი. საფრთხე ემუქრება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. ცხემლისხიდში ადიდებულია მდინარე ნატანები, მორღვეულია ნაპირსამაგრი გაბიონი. ჭარბი ნალექიანობის გამო, მდინარეების აჭის წყლისა და ბჟუჟის კალაპოტებში წყლის დონის მატებამ ვეღარ უზრუნველყო ჩამდინარე პატარა მდინარეების ნაკადის მიღება, რის გამოც მცირე ხნით ქალაქში მოძრაობა შეფერხდა. ქალაქ ოზურგეთში 2015 -2017 წლებში შესრულებულმა ნაპირდამცავმა ნაგებობებმა – გაბიონებმა და ჯებირებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ქალაქში მდინარეების სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიების დაცვა დატბორვისაგან.
გზები დაზიანდა ლანჩხუთის თითქმის ყველა სოფელში.მდინარეები გადმოსულია კალაპოტიდან და დატბორილია მიმდებარე ტერიტორია – გზები და საყანე ფართობები. დაზიანებულია და წაღებულია ხიდები. განვითარდა მეწყერული პროცესები ლანჩხუთის სოფლებში: აკეთში, აცანაში, ნიგვზიანში, მამათსა და ნინოშვილში. მეწყერი ემუქრება საცხოვრებელ სახლებს. ტექნიკა მობილიზებულია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებულია დაახლოებით 40 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ასევე, საბავშვო ბაღის სახურავი სოფ. ჩიბათში. დაიტბორა სკოლისა და ბაღის პირველი სართული სუფსაში.
უამინდობის მიუხედავად გურიის რეგიონს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. იყო მცირე დაზიანებები. „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად პრობლემა დროულად აღმოფხვრეს. მონაცემები პერიოდულად იცვლება და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0