გურიის რეგიონში აზიურ ფრთოსანასთან ბრძოლის სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

05/05/2017

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის და განხორციელების მიზნით, დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გურიის რეგიონში აზიურ ფრთოსანასთან ბრძოლის სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. განთავსდება მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) და მაისის ბოლოდან ნაკვეთების ქიმიური წამლობა განხორციელდება. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტების, რეგიონის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
რეგიონული შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნებელია, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი აზიანებს თხილს, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0